ENG

შშმ პირების მხარდაჭერა

კოლეჯის ყველა სერვისი ხელმისაწვდომია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის. მხარდაჭერა მორგებულია თითოეული სტუდენტის საჭიროებაზე.

მიღება

შერჩევა ტარდება საერთო წესით, ოღონდ პრაქტიკული მოსინჯვით. აპლიკანტი ასრულებს პროგრამისთვის დამახასიათებელ ერთ ან რამდენიმე პრაქტიკულ აქტივობას მისთვის მორგებულ პირობებში, და მონაწილეობს რეფლექსიაში, რომ უკეთ გაიაზროს საკუთარი ინტერესები და შესაძლებლობები.

მხარდაჭერა სწავლის დროს

საჭიროების მიხედვით კოლეჯი უზრუნველყოფს:

  • შესაბამისი სპეციალისტის მოწვევას;
  • მორგებულ სასწავლო მასალებს: გამარტივებულ ტექსტს, ვიზუალურად მოსახერხებელ ფორმატს და სხვა;
  • დახმარებას კოლეჯის ტერიტორიაზე გადაადგილებისას;
  • ინდივიდუალურ მეცადინეობებსა და მხარდაჭერას;
  • სწავლის შედეგების მიმართ აკომოდაციას ან ადაპტაციას.

ჩარიცხვისას კოლეჯი სტუდენტთან მართავს კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მონაწილეობით, რომ სასწავლო პროცესი მის საჭიროებებს მოერგოს.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

სტუდენტის საჭიროებების შესასწავლად დირექტორი ქმნის კომისიას. საჭიროების შემთხვევაში კომისია ადგენს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს:

  • აკომოდაციას: იცვლება სწავლებისა და შეფასების მიდგომა, სწავლის შედეგები კი უცვლელი რჩება;
  • მოდიფიკაციას (ადაპტაციას): იცვლება მისაღწევი სწავლის შედეგების რაოდენობა ან შინაარსი.

საჭიროების შემთხვევაში სტუდენტი შეიძლება დაიშვას მოდულზე მისი ერთი ან რამდენიმე წინაპირობის დაძლევის გარეშე.

შეფასება

დასაბუთებული საჭიროებისას, მაგალითად ჯანმრთელობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო, შეფასების პირობები ერგება სტუდენტს. ეს შეიძლება იყოს შეცვლილი ინსტრუმენტი ან განსხვავებული პირობები, თუ ეს კანონის მოთხოვნებს არ არღვევს.

პრაქტიკა

პრაქტიკის ობიექტზე განაწილებაში მონაწილეობენ პროგრამის ხელმძღვანელი, მოდულის მასწავლებელი და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, საჭიროების შემთხვევაში ინკლუზიური განათლების სპეციალისტიც.

რა დოკუმენტს მიიღებს სტუდენტი

  • თუ სწავლის შედეგები უცვლელია და დადასტურებულია (აკომოდაცია), სტუდენტი იღებს კრედიტებს, კვალიფიკაციას ან სერტიფიკატს საერთო წესით.
  • თუ სწავლის შედეგები ან შეფასების კრიტერიუმები შეიცვალა (ადაპტაცია), გაიცემა ცნობა მიღწეული შედეგების შესახებ.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: კონტაქტი.