კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს კონსულტირებას, სასწავლო რესურსებს, ბიბლიოთეკასა და ტექნიკას, რომ სწავლა იყოს ხელმისაწვდომი და შედეგიანი.
საინფორმაციო შეხვედრა სწავლის დაწყებისას
სწავლის დასაწყისში სტუდენტებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლებისთვის ტარდება საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე გაიგებთ:
- პროგრამის შინაარსს, სასწავლო კალენდარსა და მეცადინეობების განრიგს;
- შეფასების წესს და შედეგის გასაჩივრების გზებს;
- ბიბლიოთეკით და ტექნიკით სარგებლობის პირობებს;
- თქვენს უფლებებსა და მოვალეობებს, კოლეჯის მისიასა და შინაგანაწესს;
- სერვისებს, მხარდაჭერის ღონისძიებებსა და ექსტრაკურიკულურ აქტივობებს;
- უსაფრთხოების წესებს, პირველად სამედიცინო დახმარებასა და პერსონალური მონაცემების დაცვას.
კონსულტაციები
კოლეჯი მართავს საორიენტაციო შეხვედრებს, აწყობს კონსულტაციებს პროგრამის ხელმძღვანელთან და გეხმარებათ ექსტრაკურიკულური ღონისძიებების დაგეგმვაში. თუ შეფასებამდე დამატებითი მომზადება გჭირდებათ, შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებითი კონსულტაციით.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
თქვენთვის შეიძლება შემუშავდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. გეგმას თქვენთან ერთად ადგენს სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, არასრულწლოვნის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით. ასეთი გეგმა იქმნება, მაგალითად, როცა:
- განმეორებითი შეფასების შემდეგაც ვერ დაადასტურეთ სწავლის შედეგი;
- აღგიდგათ შეჩერებული სტატუსი, ან გადმოხვედით მობილობით;
- წინა განათლების აღიარების შემდეგ მხოლოდ დარჩენილი მოდულების გავლა გჭირდებათ;
- პროგრამის ძირითად ვადაში ვერ გაიარეთ რომელიმე მოდული.
გეგმის პროექტი გეგზავნებათ ელფოსტით შესათანხმებლად. გთხოვთ, უპასუხოთ: თუ ერთი თვის განმავლობაში დაკავშირება ვერ მოხერხდა, სტატუსი შეიძლება შეგიჩერდეთ.
სასწავლო რესურსები
- პროგრამის ძირითად სასწავლო რესურსებზე წვდომას კოლეჯი უზრუნველყოფს ელექტრონულად ან ბიბლიოთეკის მეშვეობით.
- რესურსების შერჩევისას უპირატესობა ენიჭება უფასო, ღია წვდომის მასალებს, რომ სტუდენტს დამატებითი ხარჯი არ დასჭირდეს.
- სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტისთვის მასალა ადაპტირდება: გამარტივებული ტექსტით, ვიზუალურად მოსახერხებელი ფორმით და სხვა საშუალებებით.
ბიბლიოთეკა
- შეგიძლიათ ადგილზე გაეცნოთ ლიტერატურას, გადაიღოთ საჭირო გვერდების ასლი, ისარგებლოთ ელექტრონული რესურსებით და მიიღოთ ბიბლიოთეკარის დახმარება.
- წიგნის გატანა შესაძლებელია არაუმეტეს ერთი თვით. თუ წიგნი ერთ ეგზემპლარადაა, გატანა არ შეიძლება.
- ნორმატიული აქტები ხელმისაწვდომია საკანონმდებლო მაცნეზე: matsne.gov.ge.
- ბიბლიოთეკაში აკრძალულია ხმაური, მობილური ტელეფონით სარგებლობა, საკვების მიღება, მოწევა და ქონების დაზიანება.
აუდიტორიები და ტექნიკა
- სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ აუდიტორიებით, კომპიუტერებითა და სხვა ტექნიკით სასწავლო მიზნით, სასწავლო პროცესის შეუფერხებლად.
- გამოიყენეთ მხოლოდ თქვენთვის განკუთვნილი კომპიუტერი. ფლეშკის ან სხვა მოწყობილობის მიერთება ნებართვის გარეშე არ შეიძლება.
- დროებით აღებული ნივთი უნდა დააბრუნოთ შეთანხმებულ ვადაში და არ გადასცეთ სხვას. დაზიანებული ტექნიკის აღდგენის ხარჯს ანაზღაურებს დამზიანებელი.
დისტანციური სწავლება
სადაც პროგრამა ამის საშუალებას იძლევა, სწავლება შეიძლება იყოს სრულად ან ნაწილობრივ დისტანციური ან შერეული. კოლეჯი იყენებს Microsoft Teams-ს და სტუდენტებს აძლევს ლიცენზირებულ წვდომას. თუ სახლში ტექნიკა ან ინტერნეტი არ გაქვთ, მოთხოვნის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ კოლეჯის კომპიუტერით, ინტერნეტითა და სამუშაო სივრცით. დისტანციური მეცადინეობის წესები იხ. სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები.